ყოველდღიურად თითქმის 2 000-მდე ახალი შემთხვევის ფონზე ხშირდება სამედიცინო მომსახურების დაგვიანებით მიღებასთან დაკავშირებული პრეტენზიები.
მთელი დატვირთვა ახლა ჰოსპიტალურ სექტორსა და პირველად ჯანდაცვაზე მოდის, რის გამოც რეზერვების მობილიზება იწყება. ექიმების დასახმარებლად მზარდი ნაკადების მართვის პროცესში სამედიცინო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს რთავენ, რომლებიც მანამდე „კოვიდ-19“-ის მართვის სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან. ამ მომენტისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 25% კლინიკებში იმყოფება. სახლებში მყოფ პაციენტებს 1 000 ოჯახის ექიმი ემსახურება, რეზერვშია – 1 500. საწოლების რაოდენობაზე მეტად ახლა უფრო საყურადღებო სამედიცინო პერსონალია, მით უმეტეს, რომ ათეულობით მათგანი თავადაც „კოვიდ-19“-ს ებრძვის.