ხვალ დღის ორ საათზე ამოიწურება რეგისტრაციის ვადა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის, რომლებსაც 31 ოქტომბერს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა, ანუ ხმის მიცემა სურთ. ვადის რამდენიმე საათით გახანგრძლივების მიუხედავად, ცესკო-ს მიერ მიღებული დადგენილება და არჩევნებში ინფიცირებულთა მონაწილეობის პროტოკოლი ოპოზიციისთვის მაინც სადავოა. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაა, არჩევანის გაკეთების უფლება მისცენ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც „კოვიდ-19“ 27 ოქტომბრის შემდეგ დაუდგინდებათ, ან სწორედ ამ დღიდან მოუწევთ თვითიზოლაცია. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს გადასატანი ყუთებით მანიპულირებასა და ხმების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ. პრეტენზიები ისმის ცესკო-ს მისამართითაც. პასუხად ბრალდებების ადრესატი ოპოზიციას სპეციალური სიების მომზადების წესებს ახსენებს.