ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტი თითქმის 17 პროცენტით შემცირდა. მთავარი ფაქტორი რეექსპორტის მაჩვენებლებში დაფიქსირებული კლებაა. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, უცხო ქვეყნის ბაზარზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება მხოლოდ ორი პროცენტია. ქვეყნის მთავარ საექსპორტო პროდუქტებად კვლავ სპილენძი და ფეროშენადნობები რჩება. პოზიციებს ინარჩუნებს ქართული ღვინო.ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული ღონისძიებების შემდეგ, საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალში უკვე თხილიც ლიდერობს. ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტისთვის კი, ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა ჩინეთი ხდება, რასაც სპეციალისტები მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უკავშირებენ. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ საქართველომ საექსპორტო ნედლეულთან ერთად, ქვეყნის შიგნით იმ პროდუქციის აქტიური წარმოება უნდა დაიწყოს, რასაც უცხო ქვეყნების ბაზრებზე წარმატებით გაყიდის.