გააგრძელეთ რეფორმები – ასეთია მთავარი მოწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან.
ახლა საქართველოს ცხრაპუნქტიანი დავალება აქვს შესასრულებელი იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად განაცხადი გააკეთოს. ევროკომისიის მიერ გაცემული ცხრა რეკომენდაცია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს, მედიას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას ეხება. ამ პუნქტების შესასრულებლად მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმა ახლა ევროკომისიაშია გაგზავნილი. მმართველი გუნდის გეგმაა, რომ ცხრა პუნქტი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეასრულოს და 2024 წლის ბოლოს წევრობაზე მოლაპარაკებების გასახსნელად განაცხადი გააკეთოს. 12 პუნქტის მსგავსად, ამჯერადაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფები. თუმცა ისევ ბუნდოვანია, ჩაერთვება თუ არა სამუშაო პროცესში ოპოზიციის სრული შემადგენლობა.