ცხრა ნაბიჯი კანდიდატის სტატუსიდან გაწევრიანების პროცედურების დაწყებამდე
სტატუსი მიღებულია, წინ ცხრა რეკომენდაციის სახით ახალი დავალებაა შესასრულებელი.
იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესში ახალ ეტაპზე გადაინაცვლოს და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს, ცხრა პუნქტი უნდა შესრულდეს. რეკომენდაციები ეხება არჩევნებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ასევე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას. მმართველი გუნდის გეგმაა, რომ ცხრავე პუნქტი 2024 წელს შესრულდეს და მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად იყოს. მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმა სამუშაო ჯგუფების შექმნას გულისხმობს. ხელისუფლება ოპოზიციას პროცესში ჩართვას სთავაზობს, თუმცა წინა წლის გამოცდილების ფონზე ოპონენტთა ნაწილისგან პროცესის ისევ ბოიკოტირებას არ გამორიცხავს. თუ ცალკეული ოპოზიციური პარტიების განწყობებს გავითვალისწინებთ, მსგავსი მოლოდინები არცთუ უსაფუძვლოა.