ცხრა ნაბიჯი და პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგი

ხელისუფლება და ოპოზიცია ევროკომისიის 9-პუნქტიანი დავალების გარშემო ვერ თანხმდებიან.

სამუშაო ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრა ურთიერთბრალდებებით დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე ცხარე კამათი იმ რეკომენდაციას მოჰყვა, რომელიც სასამართლოს რეფორმას გულისხმობს. ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთავაზებული ე.წ. ვეტინგის, ანუ მოსამართლეების ქონების და კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი თემაა. კონსტიტუციასთან შეუთავსებლობის და სუვერენიტეტის ხელყოფის არგუმენტით მმართველი პარტია წინადადების განხილვას გამორიცხავს. ამ ფონზე ოპონენტები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ყველა ცვლილებას ფასადურად აცხადებენ, „ქართული ოცნება“ კი ოპოზიციას პასიურობაში სდებს ბრალს და მართლმსაჯულების რეფორმირებისთვის მათგან კონკრეტულ ინიციატივებს ითხოვს. 12 პუნქტის მსგავსად, 9-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესიც ხმაურიანი აღმოჩნდა.