ვიზიტის მეორე დღე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრასაც დაუთმო.
მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ სტოლტენბერგის მოადგილეს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ელჩებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და რეფორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე გამახვილდა. საპარლამენტო უმცირესობამ ნატო-ს რუსეთისთვის უფრო კოორდინირებული წინააღმდეგობის გაწევა და ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება სთხოვა, „პატრიოტთა ალიანსი“ კი შეხვედრაზე სამხედრო მიუმხრობლობის ინიციატივით მივიდა. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტის დროს გამართულ ყველა შეხვედრაზე, მთავარი სასაუბრო თემა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და იმ გზების ძიება იყო, რომლებმაც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს.