საბურთალოს რაიონში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გასხვისდა, თუმცა მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მთავრობამ ის გამოისყიდა. 2021 წელს გამოცხადებული აუქციონი მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტების აღდგენასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას – ჯამში, 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, რაც საჩოგბურთო კორტებთან და საცურაო აუზთან ერთად, ფიტნეს-დარბაზს, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებულ სივრცეებს მოიცავს. ინფრასტრუქტურული პროექტი 2025 წლის პირველი ივლისისთვის დასრულდება. ადგილზე დედაქალაქის მერი მივიდა და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.