რას საქმიანობს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“, რომლის მიზანიც დღეს განხილვის და კრიტიკის საგანი გახდა.
ინფორმაცია ჩინეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა, რასაც განცხადებები მოჰყვა თბილისში. ქართველი პოლიტიკოსები ფონდის საეჭვო საქმიანობაზე საუბრობენ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი პირდაპირ მიუთითებს, რომ ფონდი დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით. ჩინეთის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულმა ფონდმა დააფინანსა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რათა მოეწყო დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ თბილისში, ასევე 2024 წლის მაისში გამოუცხადა მხარდაჭერა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ. დასახელებულია სხვა ქვეყნებში მომხდარი ფაქტებიც. ჩინეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია NED-ის საქმიანობის გამოაშკარავება და ყველა ქვეყნის გაფრთხილება, რათა დაინახონ მისი ნამდვილი სახე, დაიცვან თავი დივერსიისა და საბოტაჟისგან, გაუწიონ წინააღმდეგობა, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები.