არჩევნებამდე ორი დღით ადრე დღეს მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ. პირველი შეკითხვა საარჩევნო კომისიის წევრების აქციაზე დასწრებას უკავშირდებოდა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, აქვთ თუ არა ვაზისუბნის ერთ-ერთი უბნის კომისიის წევრებს აქციაში მონაწილეობის უფლება. შეკითხვაზე პასუხად, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ამას დადასტურება და მტკიცებულება სჭირდება და თუ სადმე რაიმე ტიპის გადაცდომა აღმოჩნდა, ცესკო-ს ადეკვატური რეაგირება ექნება. ცესკო-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ელექტრონული ხმების აპარატების პილოტირებაზეც, რაც კრწანისის 31-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა და აღნიშნეს, რომ პილოტი შედგა, მეორე ტურისთვის ყველა რისკი და ხარვეზი გაითვალისწინეს და აპარატებს 30 ოქტომბერსაც გამოიყენებენ. შეკითხვები დაისვა საარჩევნო პროცესის ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებითაც. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, გაითვალისწინეს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები და დღეს ცესკო საოლქო და საუბნო კომისიებში გაგზავნის რეკომენდაციებს იმისთვის, რომ კიდევ მეტად გამჭვირვალე გახდეს პროცესი.