არჩევნებამდე 17 დღე რჩება – ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სრული დატვირთვით მუშაობს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2 263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი წევრი განახორციელებს, აქედან 26 000-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი.
ცესკო-ს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომისიის წევრებს მიმართა და ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა, რომელიც მათ მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას ავალდებულებს.