ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შემდეგ პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებზე იმსჯელებს.

პრეზიდენტმა, შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილი სია პარლამენტს წარუდგინა. პროცედურის მიხედვით კანდიდატებს უახლოეს დღეებში იურიდიულმა კომიტეტმა უნდა მოუსმინოს. ოპოზიციის ნაწილი კანდიდატებს მხარს არ უჭერს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას აპლიკანტებთან გასაუბრების შემდეგ მიიღებენ. შეგახსენებთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვაკანტურია თავმჯდომარისა და ორი წევრის ადგილი. საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევ კომისიაში მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქვთ განცდა თითქოს კომისიის ნაწილს, რომელსაც აკადემიური წრეები წარმოადგენდნენ, გადაწყვეტილება კანდიდატებზე წინასწარ ჰქონდათ გაკეთებული. ბრალდების ადრესატები კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება კანდიდატების კვალიფიკაციიდან გამომდინარე მიიღეს. ცესკო-ს თავმჯდომარის ადგილზე შერჩეული ორივე კანდიდატი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელია.