რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვაკანტურ ადგილებზე შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით. შესარჩევმა კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტზე სალომე ზურაბიშვილს ორი კანდიდატურა გადაუგზავნა. ცესკო-ს წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე კი ხუთი კანდიდატი შეარჩია. ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევაზე.
პროცესში მონაწილე არასამთავრობო სექტორი ეჭვს გამოთქვამს, რომ კომისიის შემადგენლობას აკადემიური წრეებიდან გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა გაკეთებული და მათ თამარ ჟვანიას ადგილზე საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები შეარჩიეს. ბრალდების ადრესატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კანდიდატების პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე გააკეთეს.
არასამთავრობო სექტორის ობიექტურობაში ეჭვი შეაქვთ პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს. ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ წარდგენის შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე შერჩეულ კანდიდატებს მათი მხარდაჭერა არ ექნებათ. საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, არ დაეთანხმოს შესარჩევი კომისიის არჩევანს და კონკურსი ხელახლა ჩატარდება.