საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი დასრულდა. სპეციალურმა კომისიამ გასაუბრების შედეგად გამოვლენილი კანდიდატების სია პრეზიდენტს გადაუგზავნა.
სალომე ზურაბიშვილის მიერ შერჩეული კანდიდატები კი 23 იანვრამდე პარლამენტს უნდა წარედგინოს. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ საკანონმდებლო ორგანოზეა, სადაც დეპუტატებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს შერჩევის იმიტაციას, რეალურად კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც მმართველ გუნდს სურს. „ქართულ ოცნებაში“ ამ კოლეგა დეპუტატებს არაკონსტრუქციული პოზიციის გამო აკრიტიკებენ. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენის მოლოდინშია და გადაწყვეტილების მიღებას მათან გასაუბრების შემდეგ გეგმავს.