რვაწლიანი მისიის ნაადრევი დასასრული. ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა.
თამარ ჟვანია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის უმძიმესი ბრალდებების და შეტევის მთავარი სამიზნე იყო, საკუთარ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმებას უკავშირებს და ფიქრობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ახალი წესით არჩევა მეტ პოლიტიკურ თანხმობას უზრუნველყოფს. ამ განმარტების არ სჯერა ოპოზიციის ნაწილს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჟვანიამ პოსტი მმართველი პარტიის მოთხოვნით დატოვა. თანამდებობიდან ნაადრევად წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ჟვანია პარლამენტში მივიდა და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებები დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე უარყო. ახლა საინტერესოა, მოახერხებს თუ არა შეთანხმებას პოლიტიკური სპექტრი ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის კანდიდატზე, რომელიც პარლამენტმა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ახალი წესით, ანუ 100 ხმით უნდა აირჩიოს.