2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოკითხვის პროცესი დაასრულა.
კომისიის წევრებმა დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს და პროკურატურის წარმომადგენლებს მოუსმინეს. ხარვეზები ოქმებში, საუბნო და საოლქო კომისიის წევრთა კომპეტენცია, დაწერილი საჩივრების რაოდენობა და საპარლამენტო არჩვენების პირველადი შედეგების გამოქვეყნების ვადები, – ეს ის თემებია, რომლებზეც საგამოძიებო კომისიის წევრებმა თამარ ჟვანიას შეკითხვები დაუსვეს. ცესკო-ს თავმჯდომარე არჩევნების მიმდინარეობისას ტექნიკური შეცდომებისა და გულგრილობის ფაქტებს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრატორების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ისეთ მიზანმიმართულ ქმედებას, რაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას მოახდენდა. საგამოძიებო კომისიამ ჯამში 30-ზე მეტი პირი გამოკითხა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 20 ყველაზე პრობლემური უბნის შედეგები გადათვალა.
გაყალბდა თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, – ამის დასადგენად და დასკვნის მოსამზადებლად საგამოძიებო კომისიას ვადა 17 ივლისამდე აქვს.