საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს ცესკო-ს პრესსპიკერმა მედიის კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო 11 სექტემბერს გამართულ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას და ამ კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ იმიტირებულ კენჭისყრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 123 ათასამდე მოქალაქემ. ნათია იოსელიანის განცხადებით, პროცესმა გამართულად ჩაიარა და მოქალაქეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. ცესკო-ს პრესსპიკერის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეთა 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების დახმარებით მისცემს, ცენტრალური საარჩევნო კომისია კამპანიას უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს და უკვე არაერთი აქტივობა ჩატარდა.