ცესკო-ს განცხადება

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ 16 ნოემბრის სხდომის ინციდენტი და გიორგი კალანდარიშვილის დისკრედიტაციის ფაქტი. საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ეს შემთხვევა, ისევე როგორც სოცმედიაში გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ბულინგის კამპანია, პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებსა და ეთიკის საზღვრებს დიდი ხანია გასცდა.

პერსონალური თავდასხმები იმის დასტურია, რომ დისკრედიტაციის კამპანიის ავტორებს, არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად არგუმენტები არ აქვთ და საზოგადოებაში მათთვის სასურველი აღქმების შექმნას შეურაცხმყოფელი ქმედებებით ცდილობენ. ცესკო-ში იმედოვნებენ, რომ მომხდარს საერთაშორისო პარტნიორები საკუთარ პოზიციებს საბოლოო ანგარიშებში ასახავენ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 16 ნოემბრის სხდომაზე, ცესკო-ში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ, თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა. ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე კი მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.