ცესკო-ს განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისია უცხოეთში საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრობს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნაზე და პასუხისმგებლობა სხვა უწყებაზე, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროზე გადააქვს.

საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, ის არ დაუშვებს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს და უზრუნველყოფს მათ ინფორმირებას ყველა იმ წესის, ვადისა თუ პროცედურის შესახებ, რომელსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის.