პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის თაობაზე ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. „საარჩევნო კოდექსს“ დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებების თაობაზე მოსაზრებები განსხვავებულია. ოპოზიცია ახალ წესში „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობას ხედავს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიზანია, ცესკო საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქციოს.
საპირისპიროს ამტკიცებს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველი გუნდი ოპოზიციას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ორი წელია, პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს ოპოზიციის მიზანმიმართული ქმედებების გამო ვერ ირჩევს.
საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს. საკონკურსო კომისიაში იქნება პრეზიდენტის წარმომადგენელიც.