ცესკო-ს დაკომპლექტების წესი

პრეზიდენტი ვეტოს უფლებას კიდევ ერთხელ გამოიყენებს. საუბარია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მომზადებულ კანონპროექტზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი უკვე მესამედ ცვლის კანონს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა მათ სასურველ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები. ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული, – ამბობს ზურაბიშვილი.

მმართველი გუნდის ინიციატივას აკრიტიკებს ოპოზიციაც. საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 2021 წელს მიღებული წესი იცვლება. პრეზიდენტის ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოს მათ პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. იცვლება კვორუმის წესიც. „ქართული ოცნება“ ცვლილებების მიზეზად 2021 წელს მიღებული ჩანაწერის არაეფექტიანობასა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას ასახელებს.