ცესკო-ს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ, დამატებით შვიდ ქალაქში გაიხსნება უბნები. ეს ქალაქები არის ნიუ-იორკი, ბერლინი, ბარსელონა, რომი, ათენი, სალონიკი და პარიზი. შესაბამისად, საარჩევნო დღეს 42 ქვეყნის 53 ქალაქში, ჯამში 67 საარჩევნო უბანი იქნება. საკითხი კომისიის წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
მანამდე კი, სხდომის გახსნისას, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, კომისიის წევრებს გააცნო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული საომარი ვითარებიდან გამომდინარე, საარჩევნო კომისია დააკვირდება პროცესებს და უკვე გახსნილი უბნის დახურვის, ან შენარჩუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, საარჩევნო თარიღთან ახლოს, არსებული საფრთხეების შეფასების შედეგად მიიღებს.