ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს ურჩევს, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ საკანონმდებლო რეგულაციები განმარტა, რომელიც მსგავსი ტიპის ამომრჩევლებს უკავშირდება. მისი თქმით, საკუთარი მონაცემების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გავლა მოქალაქეებს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. პროცედურების გავლისას, მოქალაქეები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. შეღავათების შესახებ კი, დეტალური ინფორმაციის მიღება მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან სამინისტროს ცხელ ხაზზე შეუძლიათ.