საქართველოს ევროპული მომავლისთვის – ასე ჰქვია გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული კავშირის“, „მწვანეებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ბუნდესტაგისთვის წარდგენილ რეზოლუციას, რომელსაც დღეს კენჭს უყრიან.
კენჭისყრამდე გაიმართება დებატებიც. დოკუმენტში დეპუტატები ითხოვენ, რომ გერმანიის მთავრობამ აღარ დაუშვას შემდგომი პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ვიდრე ქვეყანაში მოქმედებს კანონი ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, გერმანელი კანონმდებლები მოითხოვენ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობის, როგორც ხალხის უფლებების შემზღუდველი კანონის გაუქმებას. მოთხოვნებს შორისაა „ოფშორული კანონის” გაუქმებაც.