ევროპარლამენტის შემდეგ მკაცრი მოწოდებები ბუნდესტაგიდან.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს შესახებ მძიმე შინაარსის რეზოლუცია მიიღო გერმანიის პარლამენტმაც. არანაკლებ მწვავე იყო პოლიტიკური დებატების დროს გაკეთებული განცხადებები. გზავნილია, რომ საპროტესტო აქციების ფონზე მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით დამტკიცებული კანონებით საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია. იყო პირდაპირი მოწოდებები არჩევნების დღეს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ. ავტორიტეტული, პრორუსული, ქართული კოშმარი – ხელისუფლებისადმი ასეთი შეფასებები ისმოდა ცალკეული გერმანელი დეპუტატების გამოსვლებში. განსაკუთრებით კრიტიკული იყო „ქართული ოცნების“ მიმართ რეზონანსული კომენტარებით ცნობილი მიხაილ როთი. გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებებიც. კანონმდებლების ნაწილმა კოლეგების მოწოდებები და კრიტიკა საქართველოს შიდა პოლიტიკაში და არჩევნებში ჩარევად შეაფასა.