რეზოლუციას – „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადება გერმანიის პარლამენტის ვებგვერდმა გაავრცელა. რეზოლუციას მმართველი უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი – „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, „მწვანეებმა“ და „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ”. ოპოზიციური პარტიები – „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი”, ულტრამემარჯვენე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ულტრამემარცხენე „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ წინააღმდეგ წავიდნენ. „მემარცხენეებმა“ კი თავი შეიკავეს. კენჭისყრამდე გაიმართა დებატებიც.
დოკუმენტში დეპუტატები ითხოვენ, რომ გერმანიის მთავრობამ აღარ დაუშვას შემდგომი პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ვიდრე ქვეყანაში მოქმედებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, გერმანელი კანონმდებლები მოითხოვენ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობის, ასევე, „ოფშორული კანონის“ გაუქმებას.