ბულინგი, გამოხატვის თავისუფლებად მიჩნეული ძალადობრივი ქმედებების წახალისება, თავდასხმები გასხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე – არჩევნების შემდგომ პოლარიზაცია შემცირების ნაცვლად სულ უფრო ღრმავდება.
მძიმე პოსტსაარჩევნო გარემოს კიდევ უფრო ამძაფრებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეებს შორის დაპირისპირება, რაც ცალკეულ შემთხვევებში პოლიტიკური აქტორებისგანაა წახალისებული. საზოგადოება ორად გაყო ორი დღის წინ მომხდარმა მძიმე ფაქტმაც, როცა ცესკო-ს თავმჯდომარეს შავი საღებავი სხდომის მსვლელობის დროს შეასხეს. ძალადობა თუ გამოხატვის თავისუფლება – ამ ქმედების მომწონებელთა და დამგმობთა შორის დებატები კიდევ უფრო გამწვავდა იმ მოწოდების შემდეგ, რომელშიც პოლიტიკურმა ლიდერმა მხარდამჭერებს ანალოგიური საქციელისკენ მოუწოდა. პოსტსაარჩევნო რეალობაში აგრესიის და თავდასხმების სამიზნედ ამჯერადაც იქცნენ მედია საშუალებებიც. გამონაკლისი არც საქართველოს პირველი არხია, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკას ამჯერად „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე უწუნებს. რეპორტაჟები, რომლებიც ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების შეხედულებებს არ ემთხვევა, პირდაპირ რუსულ ნარატივად ცხადდება. ისევე როგორც ყველა იმ მოქალაქის აზრი, რომლებიც ოპოზიციის მხარდამჭერები არ არიან.