ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს – მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და ტრადიციისამებრ, სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
ქრისტიანული მრწამსით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საიქიო სამყაროში გადაინაცვლებს, რაც მასთან კიდევ შეხვედრის შანსია. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კი, მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით, საყოველთაო აღდგომას, მარადიულ სიცოცხლეს ეძღვნება. დღევანდელ დღესა და აღდგომის მნიშვნელობაზე მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ისაუბრა.