გამოქვეყნებულია დოკუმენტი, რომელსაც საქართველო დილიდან განსაკუთრებული ინტერესით ელოდა.
ნატოს სამიტის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში ჩაიწერა, რომ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. თარიღის დაკონკრეტების გარეშე დოკუმენტში ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება ხაზგასმულია და წერია, რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება, ამ პროცესის შემადგენელი იქნება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ანუ მაპის მიღებაც. კომუნიკეში მნიშვნელოვანი გზავნილებია რუსეთის მისამართითაც. ორგანიზაცია მოსკოვს აფხაზეთიდან და და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან სამხედროების გაყვანის და საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ბრიუსელში მიმდინარე სამიტს მხოლოდ წევრი ქვეყნები ესწრებიან. ამერიკის პრეზიდენტის რანგში მასში პირველად მონაწილეობდა ჯო ბაიდენი, რომელიც ორ დღეში ჟენევაში ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეს. სამიტის პარალელურად მოეწყო ფორუმი, სადაც სპიკერებს შორის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან ერთად საქართველოს პრემიერიც იყო.