დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან უკრაინაში შეჭრასა და მის ოკუპაციას განიხილავს. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება. ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგიერთ ყოფილ უკრაინელ მაღალჩინოსანს კონტაქტი აქვს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში არიან ჩართულნი. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, ნათელს ჰფენს რუსეთის მოქმედების მასშტაბებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის დასამხობად და წარმოდგენას ქმნის კრემლის ზრახვებზე. ლიზ ტრასის თქმით, რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიისა და დეზინფორმაციის კამპანია და გაჰყვეს დიპლომატიის გზას. მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა და მისმა პარტნიორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა მძიმე საფასურით.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს და გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებების გავრცელება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნატო-ს ქვეყნები ანგლოსაქსების მეთაურობით, უკრაინის ირგვლივ დაძაბულობას აღრმავებენ.