საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავა, – ამის შესახებ შს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.