„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან“ გამომდინარე, არ განიხილავენ არცერთ ინიციატივას, რომელიც საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილების შესახებ მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მხარდაჭერა, უკრაინელების მიმართ სოლიდარობა და აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს მათ მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. მისივე თქმით, „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად, თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას“.