ბრიფინგი განათლების სამინისტროში

საქართველოს განათლების სამინისტრომ გრიფირების პროცესთან დაკავშირებით ინსპექტირების სამსახურის დასკვნა საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნა.

როგორც განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ეკატერინე მაჩიტიძემ განაცხადა, გამოვლენილ დარღვევებში, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებოდეს. თუმცა, კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი, უწყებაში არ აკონკრეტებენ.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა, დაასრულა გრიფირების საკითხის შესწავლა. პირველ რიგში, უნდა განვაცხადოთ, რომ გრიფირების შედეგად, პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესში დაინერგა შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები. ამის მიუხედავად, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესის სრულყოფილად შესწავლა. შედეგად, გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისხის ხარვეზი და დარღვევა. თუმცა, ფინალურ ეტაპზე პროცესის შეჩერება ან გადავადება, რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწავლო წლის დაწყებამდე.  ვინაიდან, გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სცდება მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს”, – განაცხადა ეკატერინე მაჩიტიძემ.