ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოვლენილ პროვოკაციებზე საუბრობს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში რამდენიმე ოლქში, არაიდენტიფიცირებული პირების მიერ სატელეფონო ზარები განხორციელდა, საუბრის შინაარსი კი მიუღებელი და შეუსაბამოა ცესკოს საქმიანობასთან. კონკრეტულად, გარკვეული პირები ეუბნებიან კომისიის წევრებს, რომ მათ ახალი გუბერნატორები იბარებენ. ზარები ხორციელდება ასევე ვითომდა სახელისუფლებლო პარტიის სახელით. აღნიშნული პირები კომისიის წევრებს პარტიიდან გადაგზავნილი სიების სიზუსტის დადგენაზე ესაუბრებიან. ცესკო არ გამორიცხავს, რომ ამ ჩანაწერების დამუშავებული ვარიანტები გავრცელდეს.ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, ორგანიზაციებს და მედიას, რომ დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას.