ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა. არჩევნებში წელს პირველად მიეცემა მონაწილეობის საშუალება 135 922 ახალგაზრდას. ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.