პანკისის ხეობაში გუშინ დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებული ადვოკატმა ე.წ. მოდულის შენობაში დღეს მოინახულა, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილებით, შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. დავით მოდებაძის განცხადებით, იდოიძეს დაკავების პროცედურაზე პრეტენზიები არ აქვს. ადვოკატს საქმის მასალები ბრალის წაყენების შემდეგ გადაეცემა, ამისთვის კანონით დადგენილი 48 საათიანი ვადა კი ხვალ იწურება.
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპატრტამენტმა ზურაბ იდოიძე სასამართლო განჩინების საფუძველზე გუშინ, ახმეტაში დააკავა, რის შემდეგაც სოფელ ომალოში, მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად და ისინი ავტომანქანით თურქეთ-საქართველოს საზღვართან მიიყვანა. გამოძიება 331-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისიწნებს. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად შეიძლება უკვე დღეს წაუყენონ.