საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო აუდიტი დასრულებულია.
ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ მონიტორინგი სამ ეტაპად ჩაატარა. დასკვნაში წერია, რომ ხმების დუბლირება არ მომხდარა და ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები უბნებზე არსებულ ამომრჩეველთა სიების იდენტურია. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საარჩევნო კომისიების წევრთა მომზადების დონეც. აუდიტის დასკვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გაყალბების სქემებზე ოპოზიციის და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ბრალდებების უსაფუძვლობის კიდევ ერთი არგუმენტია. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით პრეტენზიები არ წყდება. ხმის ფარულობის დარღვევა, სხვისი პირადობის მოწმობებით ხმების მიცემა, მონაცემების დუბლირება და სიებში შეუსაბამობა ოპოზიციური სუბიექტების და მესამე სექტორის მთავარი ბრალდებებია. ხელისუფლების ოპონენტები პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ, ამიტომ სამმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ჩვენებები მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცა. ოპოზიციის ლიდერები გაყალბების დამადასტურებელ ასეულობით ფოტო და ვიდეო-მტკიცებულებაზე მიუთითებენ, პროკურორი კი ამბობს, რომ სასამართლოში კონკრეტული ფაქტები არ დასახელებულა.