არჩევნებიდან მეექვსე დღეს ოპოზიციის და მესამე სექტორის დღის წესრიგში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ბრალდება აქტიურდება.
ჩანდა თუ არა გაფერადებული წრე ბიულეტენის უკანა მხარეს – ცესკო-ს განმარტებები არადამაჯერებელია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სატესტო რეჟიმში გამოცდილი ფურცელი არჩევნების დღეს უცვლელად დარჩა. ხელისუფლების ოპონენტები გაყალბების სქემად ასახელებენ ე.წ. კარუსელსაც, რის გამოც კითხვები რჩება ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აპარატების გახსნას და ხმების გადასამოწმებლად ამომრჩევლების ბაზის ნეიტრალურ პლატფორმაზე განთავსებას სთხოვენ. ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია – ასეთ შეფასებას აძლევს ოპოზიცია 26 ოქტომბრის დღეს და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. პოლიტიკური სპექტრი სრულ უნდობლობას უცხადებს პროკურატურასაც, სადაც საარჩევნო დარღვევების გამო გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს. დაბარების მიუხედავად, საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა პრეზიდენტი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე კენჭისყრა მასობრივად გაყალბებულად გამოაცხადა. ოპონენტებს ყველაზე მსხვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებებს ახსენებს ხელისუფლება, რომლისთვისაც არჩევნების ლეგიტიმურობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ეუთო-ოდირის წინასწარი დასკვნაა.