ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი დღეს ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და „დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზეა განთავსებული. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში თბილისის დროით 19:30-ზე გაიმართება.
დაგეგმილ შეხვედრას შეფასებები მოყვა პოლიტიკოსების მხრიდან. გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მარცხდება, ის ემზადება ხელისუფლების გადაბარებისთვის და სურს, ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. რომან გოცირიძე დასავლეთთან ნებისმიერ კავშირს დადებითად აფასებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მეუფე იაკობი იყოს შუამავალი იმისთვის, რომ სანქციები არ იქნეს გამოყენებული. „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი კირცხალია კი აცხადებს, რომ მეუფე იაკობი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სასულიერო პირი, ყველა შეხვედრაზე დაიცავს საქართველოს ინტერესებს.