ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა - „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 82 ქულა მიიღო
„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში, საქართველოს წარმატებას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დადებითად აფასებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქვეყანამ სერიოზული წინსვლა განიცადა.
„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 82 ქულა მიიღო, რაც 2015 წელთან შედარებით, 16-პუნქტიანი გაუმჯობესებაა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო რეიტინგში, რომელიც 102 ქვეყანას მოიცავს, მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ღია ბიუჯეტის კვლევას 2012 წლიდან ახორციელებს. „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებსაც სთავაზობს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების კიდევ უფრო დახვეწა და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება.