შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ შვეიცარიული ბანკის წარმომადგენლის ელექტრონულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ბანკის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ საქმეზე გადაუხადა ივანიშვილს თანხა, ასევე არაფერია ნათქვამი სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე და არ არის მითითებული თანხის გადახდის ვადები. სტატიის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ სატრასტო დანაყოფს სინგაპურის სასამართლოში უჩივლა და ზარალის ანაზღაურებისთვის 800 მილიონი დოლარი მოითხოვა. ბიძინა ივანიშვილმა ფინანსური ორგანიზაცია დაადანაშაულა, რომ არ დაიცვა მისი ინვესტიციები და არ გადადგა სათანადო ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა დანაკარგი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ყოფილი ბანკირის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან. „კრედიტ სუისი“ დათანხმდა ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდას, რადგან 2008 წლიდან ვერ უზრუნველყო მისი ქონების დაცვა. დასკვნითი სიტყვის დროს, ბანკის იურისტმა განაცხადა, რომ ვალდებულია აანაზღაუროს ეს დანაკარგი. მარტში ბერმუდის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვეიცარიულმა ბანკმა „კრედიტ სუისმა“ ბიძინა ივანიშვილს 607 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.