ყოფილი თანაგუნდელების „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნას ეჭვქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. „შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაციონალების“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, შეიძლება, ახლა დავიჯეროთ?“ – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 2012 წელს მან გააერთიანა ყველა ძალა, ვინც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა „დრომ ყველაფერი აჩვენა“.
ვრცელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მისივე განცხადებით, ბრალდებები პროექტის რუსეთისთვის გადაცემაზე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ივანიშვილი ამბობს, რომ პორტის მშენებლობისთვის მამუკა ხაზარაძეს 70 მილიონ დოლარს საჩუქრად აძლევდა. მმართველი გუნდის ლიდერმა „თიბისი ბანკის“ საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი უხეში ტრანზაქცია რუსეთის ველურ გარემოშიც არ კეთდებოდა. მისი შეფასებით, საქმის გარშემო კითხვები აღარ არსებობს.
„ფონდი ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „მდარე სერიალებით, შესაძლოა, საზოგადოება დავკარგოთ“. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანას საამაყო ისტორია აქვს. ივანიშვილი ამბობს, რომ ქართული ფილმებისა და სერიალების, მათ შორის ისტორიული სერიალების გადაღება უნდა დაიწყოს.