„ქართული ოცნება“ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გამარჯვების 12 წლისთავს ეხმაურება. განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილი:
„2012 წლის 1 ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენს და წინაპართა მემკვიდრეობას – რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს! ღირსება და თავისუფლება ქართველი კაცისთვის წითელი ხაზია, რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადალახო, მაგრამ თუ მაინც გაბედავ, რომ ამ მდინარეში შეცურო, ქართველი ხალხის, საქართველოს შვილების ერთიანობის ძალა წაგლეკავს! 1 ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1 ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამ საოცარი ერთიანობით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების“, „ჩვენ გავბედეთ! შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, პირველ ოქტომბერს კი, ქუდზე – კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ! ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების – სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება. სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები! ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი – წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა. ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს!“- ნათქვამია განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილი ასევე საუბრობს 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მოქალაქეების უპრეცედენტო აქტიურობის მნიშვნელობაზე, რათა „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს.