მადლობა ამომრჩეველს, რომელსაც აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
„პირველი ტურის შემდეგ, ეგზიტპოლებზე ალბათ, სახიფათოც კია, გავაკეთოთ რეაქცია. რამდენადაც, ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია უკვე, რომ გავაკეთოთხ შესატყვისი რეაქცია.
მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად, საზოგადოებას. თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებში, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში და ზოგადად, ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ განვითარდა სიტუაცია პოლიტიკაში, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება, ჩემი აზრით.
პირველ რიგში და ყველაზე მთავარი, ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა და კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია გააკეთა, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.