იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დავის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მორიგ ჯერზე მიიღეს უარი „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებებთან დაკავშირებით სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველები კვლავ საუბრობენ „კრედიტ სუისისგან“ საქართველოს ყოფილი პრემიერის დაუფარავ შანტაჟზე. იურიდიული კომპანიის წარმომადგენლები საკუთარ განცხადებას თან ურთავენ წერილს, რომლის გამოქვეყნებაც საერთაშორისო გამოცემებში სურდათ და რომლის მთავარი კითხვაც ასეთია: ვის დავალებას ასრულებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი, როდესაც დაუფარავად აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს? ივანიშვილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუბარი არ არის უნებლიე შეცდომებსა და გადაცდომებზე არამედ საუბარია შეგნებულ, განზრახ მოქმედებებზე. სწორედ ამიტომ მათი მხრიდან ისმის კითხვა – „ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა? ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონი ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება, რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება? – ნათქვამია განცხადებაში.