ცხრაწლიანი ძებნის შემდეგ საქართველოში ექსტრადირებულია პირი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლა. წითელი ცირკულარით ძებნილი ფარიდ გურბანოვი თურქეთში დააკავეს. სამართალდამცავ უწყებებს იმედი აქვთ, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელი გურბანოვი დანაშაულის შემკვეთის ვინაობას დაასახელებს. ახლა ყველაზე საინტერესოა, რა ჩვენებას მისცემს შეკვეთით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც უვადო პატიმრობის განაჩენი დაუსწრებლად ჯერ კიდევ 2016 წელს გამოუტანეს. თუ ძიებას დავეყრდნობით, 2015 წლის მარტში მომხდარი მკვლელობის დროს, გურბანოვს უკრაინის მოქალაქის, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი პასპორტი ჰქონდა. მოკლული ბიზნესმენის ოჯახი თანახმაა, რომ შემკვეთის დასახელების შემთხვევაში, სასჯელის შემსუბუქება მოხდეს. ხარძიანი კუს ტბის წილების ყოფილი მფლობელი იყო. მისი მკვლელობის საქმეში არაერთხელ გაიჟღერა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის გვარმა, რომელსაც თავად ხარძიანი კუს ტბის წილების დათმობის იძულებაში ადანაშაულებდა.