ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ბეირუთში „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლეს. ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციით, ისრაელმა „ანგარიში გაუსწორა მათ, ვინც პასუხისმგებელია ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის ასობით ამერიკელისა და ათობით ფრანგის მკვლელობაზე. “ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნასრალას მკვლელობა „დასახული მიზნების მიღწევის აუცილებელ პირობად“ შეაფასა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლა ისტორიულად გარდამტეხი მომენტია, რომელმაც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი შეცვალოს.