ავღანეთი უცხო ქვეყნების სამხედროებმა 31 აგვისტომდე უნდა დატოვონ. ამავე დღეს შეწყდება უცხოელი მოქალაქეების ევაკუაციაც. პარალელურად, ქვეყანაში ვითარება კვლავ რთული რჩება. „თალიბანს“ ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბებია მთავრობა. ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კი, წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნის, რომელიც „თალიბებს“ უნდა დაუპირისპირდეს. ქვეყანაში კვლავ არსებობს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების საფრთხეც. რთულია მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობაც. მოქალაქეთა ნაწილი ქაბულის აეროპორტში ევაკუაციას ელოდება.
ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაყვანისა და მოვლენების შესაძლო განვითარების საკითხზე საქართველოს პირველი არხი ესაუბრა გადამდგარ გენერალს, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილ ხელმძღვანელ ბენ ჰოჯესს, რომელიც ავღანეთშიც მსახურობდა.
საუბარი დავიწყოთ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესთან დაკავშირებული კითხვით. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეცდომა იყო ავღანეთიდან სამხედროების გაყვანა და ევაკუაციის ამის შემდეგ დაწყება?
თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებას ვეთანხმები. ავღანეთში სამხედროების კიდევ ერთი, ორი ან თუნდაც ხუთი წლით დატოვების შემთხვევაშიც კი, შედეგი არ შეიცვლებოდა. თუმცა, კრიტიკულად ვარ განწყობილი ორი საკითხისადმი. პირველ რიგში, არ მომწონს, რომ ავღანეთიდან გასვლამდე აშშ-მა სათანადო კონსულტაციები არ გაიარა მოკავშირეებთან და კოორდინაცია არ მომხდარა. ასევე, ევაკუაცია არასათანადოდ იყო მომზადებული. ახლა ჩვენი სამხედროები და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ბევრს მუშაობენ, რათა ავღანეთიდან რაც შეიძლება მეტი ხალხის გაყვანა მოხერხდეს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვეძლო უკეთესად მოგვეგვარებინა ეს პროცესი.
ჩვენ მოვისმინეთ „თალიბანის“ პრესსპიკერის განცხადება, რომ 31 აგვისტოს შემდეგ თალიბები ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას აღარ დაუშვებენ, თქვენი აზრით, ეს ულტიმატუმი იყო?
ახლა „თალიბანი“ ფაქტობრივად კარნახობს აშშ-ის ადმინისტრაციას და მოკავშირეებს, როდის უნდა დასრულდეს ევაკუაციის პროცესი. ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს აშშ-ის ადმინისტრაცია, თუმცა „თალიბანსაც“ შეზღუდული ბერკეტები აქვს. მათი ლიდერის ვინაობა უკვე ცნობილია. ისინი საჯაროდ წარდგნენ საზოგადოების წინაშე. ასევე, ვფიქრობ, რომ „თალიბანზე“ ზეწოლას ახდენს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, რომლის სურვილიცაა, თალიბებმა მეტი გააკეთონ ევაკუაციის პროცესის ხელშესაშლელად. ამიტომ ვფიქრობ, ეს „თალიბანის“ ლიდერებისთვისაც გამოცდაა. მეორე მხრივ, ევაკუაციის ძალისხმევა ყოველდღიურად ძლიერდება და ყოველდღიურად მეტი ხალხის გაყვანა ხერხდება. როგორც ცნობილია, უკვე ევაკუირებულია 70 000-ზე მეტი ადამიანი. პროცესი გაუმჯობესდა, თუმცა დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე.
ავღანეთში 20-წლიანი ომის შემდეგ, როგორ ფიქრობთ აშშ-მა და ნატო-მ შეასრულეს დასახული ამოცანები?
პირველ რიგში ვიტყვი, რომ ავღანეთში დავკარგეთ სამხედრო ქვეითები და კონტრაქტორები. ცხადია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც იკითხავენ, ღირდა კი ყოველივე ამ ადამიანების სიცოცხლის ფასად? ჩემი აზრით, ნამდვილად ღირდა, რადგან ავღანელებს მიეცათ შანსი, უფრო სტაბილური მთავრობა ჰყოლოდათ, უკეთ დაეცვათ საკუთარი თავი, გაეძევებინათ „ალ-ქაედა“ და ავღანეთი აღარ ყოფილიყო ბაზა ტერორისტებისთვის, ევროპასა და აშშ-ზე თავდასხმების მოსამზადებლად. ასე რომ, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების შესვლა ნამდვილად ამართლებდა მიზანს. დავუშვით თუ არა შეცდომები? ნამდვილად დავუშვით. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა იყო ავღანეთში შესვლიდან ორი წლის შემდეგ ერაყში შეჭრა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიზნებზე ფოკუსირების ნაცვლად, ყურადღება ერაყზე გადაიტანა და რესურსები ერაყისკენ მიმართა. ჩემი აზრით, ეს იყო ფატალური შეცდომა. ავღანეთში დასახული მიზნის მიღწევამდე ცოტა იყო დარჩენილი და ავღანეთიდან გასვლა ორ წელიწადში შეგვეძლო. ეს არ იქნებოდა ელეგანტური ნაბიჯი, მაგრამ ავღანეთს 2004 წელს დავტოვებდით.
მეორე შეცდომა იყო, რომ აშშ-ს არ ჰქონდა პაკისტანის სტრატეგია. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პენტაგონში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც პაკისტანს მოკავშირედ მიიჩნევდნენ ან ფიქრობდნენ, რომ პაკისტანი შეიძლება ყოფილიყო აშშ-ის მოკავშირე. მათი აზრით, თუ სათანადო თანხებს დავხარჯავდით და ვითანამშრომლებდით, მაშინ პაკისტანი ტერორისტებს უსაფრთხო თავშესაფარს აღარ მისცემდა და ბირთვულ იარაღს უკეთ გააკონტროლებდა. აშშ-ს სწორედ ეს აინტერესებდა. ამის გამო, ეს სტრატეგია მთლიანად იყო ფოკუსირებული ავღანეთზე და პაკისტანი და მთლიანად რეგიონი ყურადღების მიღმა რჩებოდა. დღეს უკვე ვიცით, რომ შეცდომა დავუშვით, პაკისტანი არასდროს ყოფილა აშშ-ის მოკავშირე. ის სთავაზობდა უსაფრთხო თავშესაფარს „თალიბანის“ წევრებს და უსამა ბინ ლადენი მოკლეს სახლში, რომელიც პაკისტანის სამხედრო აკადემიის შენობიდან არც ისე შორს მდებარეობდა. „თალიბანი“ ფაქტობრივად წარმოადგენდა პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის შემადგენელ ნაწილს.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მეც ვიყავი პრობლემის შემადგენელი ნაწილი, რადგან ვმუშაობდი გაერთიანებულ შტაბში, სადაც პაკისტანისა და ავღანეთის კოორდინაციის ქსელის დირექტორი გახლდით. ვეხმარებოდი გაერთიანებულ შტაბს რეგიონის პოლიტიკის კოორდინაციაში. ვფიქრობ, არასათანადოდ ვიაქტიურე და ვერ შევუწყე ხელი, პაკისტანი ყოფილიყო სტრატეგიის ნაწილი. შეიძლება უარესიც, მე ვერ გავაცნობიერე, რომ არსებობდნენ პაკისტანის საკითხებში ექსპერტები, რომელთა მოსაზრებები განსხვავდებოდა და ეწინააღმდეგებოდა კიდეც აშშ-ის ადმინისტრაციის ნარატივს. ეს მოსაზრებები დაბლოკეს, ჩაახშეს. ეს იყო შეცდომა.
მესამე შეცდომა, რომელიც ავღანეთში დავუშვით, უსაფრთხოების ძალების სტრუქტურაა. ამ საკითხზე ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტი მუშაობდა და ძალიან დიდი თანხა დავხარჯეთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების შესაქმნელად, რომელთაც უნდა დაეცვათ ავღანელი ხალხი. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გამოვიყენეთ დასავლური მოდელი. ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა ის მოდელი, რომელიც უფრო ჰარმონიულად იქნებოდა შერწყმული ავღანეთის კულტურასთან, საზოგადოებასთან. თვალებს არ დავუჯერე, როდესაც ვნახე, რომ ყველაზე ეფექტური ავღანური ქვედანაყოფები ისხდნენ პიკაპის ტიპის ავტომობილებში, არ ეცვათ ჩექმა, არ ჰქონდათ ჩაფხუტი, მაგრამ ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდნენ და იცოდნენ, საით უნდა დაეჭირათ გეზი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მეც შევცდი, როდესაც ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და მეგონა, დასავლური მოდელი იმუშავებდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსში არავინ ელოდა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები და მთავრობა ასე მალე ჩამოიშლებოდა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა „თალიბანის“ წარმატება?
„თალიბანს“ ჰყავს სამხედროები, რომლებიც უფრო ჰარმონიულად ერწყმიან ავღანურ კულტურას. ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სტრუქტურა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით, ეყრდნობოდა ძლიერ შეიარაღებას, მასშტაბურ სამხედრო აღჭურვილობას და საუკეთესო დაზვერვას. როდესაც ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ეს გამოეცალათ და ავღანელი სამხედროები ზეწოლის ქვეშ აღმოჩდნენ, მათ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს. ეს იყო ჩვენი შეცდომა. „თალიბანს“ არ ჰყავდა საჰაერო ძალები, არც უზარმაზარი ლოჯისტიკური ბაზა და თანამგზავრები, მაგრამ მათ შეეძლოთ სწრაფად გადაადგილება და ქალაქები სწრაფად დაიკავეს. ვფიქრობ, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სტრუქტურაში დაშვებული შეცდომები კრიტიკული აღმოჩნდა, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ნაწილი ავღანეთის მთავრობასაც ეკისრება. ჩვენ ვერ ვიხილეთ ავღანეთის მთავრობის წევრები, გუბერნატორები ან თუნდაც სამხედრო მაღალჩინოსნები ბრძოლის ველზე. ისინი არ ამხნევებდნენ, არ ახალისებდნენ სამხედროებს. ჩვენ გვესმოდა მხოლოდ ერთი სიტყვა – ჩამოშლა. ამას ემატება კორუფციის მაღალი დონე. ახლა, როდესაც მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ავღანეთის შეიარაღებული ძალების ჩამოშლას ასე სწრაფად არ ელოდნენ, ისინი არ ტყუიან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ნიშნები, რომლებიც ამაზე მიუთითებდა.
შეიძლება ითქვას, ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით და გვესმოდა ანგარიშები ავღანეთში არსებული კორუფციის შესახებ, თუმცა ჩვენ არ გვინდოდა ეს დაგვეჯერებინა, სერიოზულად მიგვეღო, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის პოლიტიკურ ნარატივს. ასე გრძელდებოდა არაერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. ობამას, ტრამპის, ბაიდენის ადმინისტრაციის გზავნილი იყო შემდეგი – ჩვენ დავეხმარებით ავღანელებს, ფეხზე დადგნენ, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები საკუთარ ხალხს დაიცავენ და ჩვენ შევძლებთ ქვეყნის მშვიდად დატოვებას. ყველა საწინააღმდეგო მოსაზრებას არავინ იჯერებდა ან მას უბრალოდ ახშობდნენ.
როგორ ფიქრობთ, რა ურთიერთობები შეიძლება ჰქონდეთ აშშ-სა და თალიბებს?
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში „თალიბანთან“ მუშაობა აუცილებლად მოგვიწევს, რათა ამერიკელები, ჩვენი მოკავშირეები და რაც შეიძლება მეტი ავღანელი გავიყვანოთ ქვეყნიდან. ამან კი შესაძლოა, შექმნას საფუძველი სამომავლო ურთიერთობებისთვის. სტრატეგიული თვალსაზრისით, თუ ზურგს ვაქცევთ ავღანეთს, ვაკუუმს შეავსებენ რუსები და ჩინელები. ამით ისარგებლებენ ტერორისტებიც. ამიტომ ჩვენ სრულად ვერ დავტოვებთ ავღანეთს და მოგვიწევს „თალიბანთან“ ურთიერთობებისთვის გზების გამონახვა. ამასთან, ახლა თალიბებიც ზეწოლის ქვეშ არიან. მათ უნდა მართონ ქვეყანა. ვფიქრობ, აშშ-სა და „თალიბანს“ ურთიერთობები ექნებათ. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ქაბულში იმყოფებოდა.
რამდენად მოსალოდნელია „თალიბანის“ შეჭრა მეზობელ ქვეყნებში?
ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, თუმცა „თალიბანი“ ასევე წარმოდგენილია პაკისტანში. ვფიქრობ, ახლა პაკისტანს მოუწევს საფასურის გადახდა იმ დესტაბილიზაციისთვის, რომელსაც თავადაც უწყობდნენ ხელს. პაკისტანში უკვე ჩავიდა ათასობით ავღანელი ლტოლვილი. იძულებით გადაადგილებული პირები პრობლემებს შექმნიან ავღანეთის სხვა მეზობელ სახელმწიფოებშიც. ასევე ვიცით, რომ ლტოლვილები მიემართებიან ევროპის ქვეყნებისკენ, რამაც შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ევროპაში, რასაც უარყოფითი ზეგავლენა ექნება აშშ-ზე, რადგან აშშ-ის ეკონომიკა დაკავშირებულია ევროპის ეკონომიკასთან. ავღანეთის პრობლემა მხოლოდ ლოკალური არ არის. ვფიქრობ, რომ ისლამური სახელმწიფო და სხვა ექსტრემისტული ჯგუფებიც შეეცდებიან, გამოიყენონ ავღანეთის ტერიტორია თავიანთი იდეოლოგიის გასავრცელებლად, თუმცა არ მგონია, რომ ამას „თალიბანი“ გააკეთებს. „თალიბანი“ უფრო მეტად ლოკალური ძალაა.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნატო ავღანეთში დაბრუნდება?
აშშ-ის ყველა პრეზიდენტი აცხადებს, რომ არსებობს კონტრტერორისტული ოპერაციების საჭიროება. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ავღანეთიდან შევძლებდით მსგავსი ოპერაციების ჩატარებას რეგიონში. ახლა ეს შეუძლებელი ჩანს. არ მგონია, რომ ნატო-ს მსგავსი სამხედრო ძალები დაბრუნდნენ ავღანეთში. თუმცა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არსებობს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავად. ამიტომ, სამომავალოდ არაფერს გამოვრიცხავ.