დავით კეზერაშვილის გვარი კიდევ ერთ სკანდალურ საქმეში ჩნდება.
გავლენიანი საერთაშორისო მედია-საშუალება ევროპელი პენსიონრების გაძარცვის თაღლითურ სქემას ყოფილ თავდაცვის მინისტრს უკავშირებს. „ბიბისი“ ერთწლიანი მუშაობის და მოკვლევის შემდეგ ჟურნალისტური გამოძიების მასალებს აქვეყნებს. საუბარია კიბერთაღლითურ საერთაშორისო ქსელზე, რომლის მიხედვით ევროპელ პენსიონერ მოქალაქეებს ტელეფონით სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმას და მოგებას სთავაზობდნენ, შედეგად კი მათ საკრედიტო ბარათებს უკანონოდ ეუფლებოდნენ. თუ დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალებს დავეყრდნობით, სქემაში ჩართულ 152 კომპანიას შორის ფიგურირებს საქართველოში კრიპტოვალუტებით მოვაჭრე კომპანია „სოლო ქაფითალსიც“, ამავე მასალებში საუბარია ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ პოლიციის მიერ თბილისში მოქმედ სატელეფონო ცენტრებში ჩატარებულ ჩხრეკებზეც. ბიზნესმენის და ექს-მაღალჩინოსნის უარყოფის მიუხედავად, გავლენიანი საერთაშორისო მედიის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიას მძიმე რეაქციები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში. ერთადერთი, ვინც დღეს კეზერაშვილს იცავს და „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას შავი პიარის კონტექსტში განიხილავს, „ნაციონალური მოძრაობაა“ – პარტია, რომლის დამფინანსებლად სწორედ ყოფილი მაღალჩინოსანი სახელდება.