უკვე რამდენიმე დღეა, „ბიბისის“ მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟის გარშემო შეფასებები არ წყდება. დავით კეზერაშვილი და ე.წ. ქოლცენტრების თაღლითური სქემა – მისტერ ობშორი – ასე იხსენიებს „ბიბისი“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს. ჟურნალისტი გაძარცული ათასობით ადამიანის ისტორიას ჰყვება და მილიონობით დოლარის მითვისების სქემაზე 47-წუთიან ფილმში საუბრობს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მძიმე ბრალდება ახლა გამოძიებით უნდა დადასტურდეს. მათივე თქმით, საკითხი განსაკუთრებულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს არამარტო ფიგურანტ პირებს, არამედ საქართველოს. ნაწილს კი მიაჩნია, რომ მსგავსი მასშტაბის თაღლითური ქმედებები ხელისუფლებასთან გარიგების გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ბრალდების საპასუხოდ მმართველი გუნდი ოპოზიციას იმ გამოძიებას ახსენებს, რომელიც საქართველოს პროკურატურამ სხვა ქვეყნების უწყებებთან ერთად ჩაატარა.
რაც შეეხება თაღლითური სქემის კეზერაშვილთან კავშირს, „ქართულ ოცნებაში“ „ბიბისის“ მასალის ნამდვილობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ აქვთ.